ხელნაწერების აღდგენა მოსფლიოში აპრობირებული თანამედროვე მასალებით მოხდება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს სულ ცოტა ხნის წინ საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ უცხოელი კოლეგების გამოცდილება. ქართველი რესტავრატორები ირანის ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდნენ.
რესტავრატორები გაეცნენ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საარქივო და საბიბლიოთეკო საცავებს, სარესტავრაციო ლაბორატორიების სტრუქტურასა და თანამედროვე სარესტავრაციო მეთოდოლოგიას. აღნიშნული სამუშაო ვიზიტით ცენტრის თანამშრომლებმა პროფესიული გამოცდილება გაიღრმავეს.
რესტავრატორების მივლინება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ირანის ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.
ვიზიტის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებმა მიღებული ცოდნა კოლეგებს გაუზიარეს და გადაწყვიტეს ირანში არსებული მეთოდოლოგია ხელნაწერების რესტავრირებისას გამოიყენონ.