25 მარტს საქართველოს სახალხო მხატვარს თემო გოცაძეს 70 წელი უსრულდება. ცნობილი მონუმენტალისტი ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს. მონუმენტური აბსტრაქციები - ასე უწოდებს თავად ხელოვანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ ტილოებს, რომელიც ურბანული და პასტორალური მოტივების ერთობლიობის შედეგია.
თემო გოცაძე 34 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი სამხატვრო გაერთიანებების წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, ხოლო შემდეგ მთავარი მხატვარი იყო. 1983-1995 წლებში იყო მხატვრის სახლის დირექტორი. 1988-2005 წლებში კი საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი.
გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვით ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში იტალიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ირანში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.