აშშ-ის პრეზიდენტმა 2009 წელს მისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის შესახებ განმარტება გააკეთა. კერძოდ, იგი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ნობელის პრემიის გადაცემა ობამასთვის ზოგიერთი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწემ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც ობამამ ლიბიაში კოალიციის ძალების სამხედრო ოპერაციაში ჩართვა გადაწყვიტა.
"როცა ეს ჯილდო მივიღე, ამ მოვლენის მიმართ ირონია არც დამიმალავს, რადგან იმ დროისთვის უკვე ორ ომთან მქონდა შეხება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, იგი შეჩვეულია, რომ უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელსა და მშვიდობის მისწრაფებებს შორის გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს.
თუმცა, ობამას აზრით, ამერიკელი ხალხი წინააღმდეგობას ვერ ხედავს იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ლიბიაში კადაფის ძალებზე იერიშს დაუჭირა მხარი.
"ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩენის მოსურნე დიქტატორის გამო საკუთარ ხალხს არ ხოცავდნენ",_აღნიშნა აშშ-ის პეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ ნობელის მშვიდობის ლაურეატი "აგრესორთა ბანდას" ხელმძღვანელობს. ამასთან, ობამასთვის პრემიის ჩამორთმევის თხოვნით ნობელის კომიტეტს ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც მიმართა.