საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გამოსვლებს პოლიტიკურ უსინდისობად და გარეწრობად აფასებს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
"ჩვენ ისევე როგორც თქვენ, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ სფეროში ყველაფერი იდეალურად არის, რომ ყველა დევნილი დაკმაყოფილებულია.. მართლაც, ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, დევნილების თემა საქართველოში 17 წელი ტაბუდადებული იყო და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიძრა ეს თემა.
"იმის მაგივრად, რომ აღნიშნოთ, რაც გაკეთდება კარგია და კიდევ ბევრი დაგვრჩა გასაკეთებლი, პირიქით გაგაღიზიანათ იმან, რომ ასეთი გაუსაძლისი პირობებიდან დევნილები უკეთეს პირობებში გადავიდნენ და როგორც სჩანს, ეს ამორალური გამოსვლა თავიდანვე გქონდათ დაგეგმილი, რომელიც დღეს აქ წარმოადგინეთ, რომელიც გადაიზარდა გარეწრობასა და პოლიტიკურ უსინდისობაში", - მიმართა ცისკარიშვილმა ოპოზიციას.
დეპუტატმა ოპოზიციონერების გამოსვლებს სუბელიანთან დებატებში სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დევნილების მდგომარეობა შეამსუბუქოს.