"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი მაგდა ანიკავშვილი დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს.
როგორც ანიკაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბალიანთან დებატების დროს განაცხადა, დევნილებს სერიოზული სამედიცინო მეთავალყურება სჭირდებოდათ.
"ეს ადამიანები ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ კონფლიქტის ზონებში, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უმძიმესი დღეები გამოიარეს და ჩვენ მივიღეთ მოსახლეობა, რომელსაც სერიოზული სამედიცინო მეთავალყურება სჭირდებოდათ, ამის შემდეგ კი ეს ადამიანები მოხვდნენ ისეთ კომპაქტურ დასახლებებში, სადაც სახლები შიგნიდან საცხოვრებლად ვარგისი არ იყო", - აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დევნილები, რომელთაც ბავშვები, მოხუცები და ინვალიდები ჰყავდათ ნესტიან სახლებში შეიყვანა, რომლებმაც მთელი ზამთარი სიცივეში გაატარეს.
"იმის ნაცვლად, რომ მობილიზება გაგეკეთებინათ, რომ ამ ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ისინი მეზობელ სოფლების ამბულატორიებს მიაბეს, სადაც ტრანსპორტის უქონლობის გამო ვერ მიდიოდნენ, ასევე არ ხდებოდა მათი ადგილზე მომსახურება და მედიკამენტებით დახმარება. ამიტომ, მაინტერესებს, რა გააკეთეთ თქვან, რომ დევნილებისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი ყოფილიყო", - მიმართა სუბელიანს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ამასთან, ანიკაშვილი დაინტერესდა რატომ არ ხდება დევნილებისთვის ბავშვთა კვების პროდუქტებით დახმარება.