"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბალიანს იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას კორუფციის ბრალდებით გეგმავს.
როგორც ბაღათურიამ დღეს, სამთავრობო დებატებზე სუბელისნის მოხსნების შემდეგ განაცხადა, მას სურდა დაეჯერებინა სუბელიანის "ზღაპრისთვის", მაგრამ გაახსენდა ის სისასტიკე, როდესაც მისი უწყების თანამშრომლები "ჩვილ ბავშვიან ქალებს თითქმის ფანჯრებიდან გადმოყარეს".
"სხვათა შორის, თქვენის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებებით", - მიმართა ბაღათურიამ სუბელიანს და აქვე დასძინა, რომ სამაჩაბლოდან 1000-მდე დევნილისთვის არ მიუნიჭებიათ სტატუსი, რის გამოც მათ დახმარებები ვერ მიიღეს.
ასევე დეპუტატი დაინტერესდა, სად წაიღო 15 მილიონი და ასევე ნახევარი მილიონი, რომელიც კონტროლის პალატის მასალების თანახმად შეშის შესყიდვაში გაუმჭირვალად დაიხარჯა.
"თქვენ ნახევარი მილიონი ლარის შეშა იყიდეთ და არ ამბობთ ვის დაურიგეთ და ვისგან იყიდეთ. ჩნდება ეჭვი, რომ ან შეშა წაიღეთ სახლში ან ეს ნახევარი მილიონი. ასევე, სად იპოვეთ ბანკი, რომელიც ტრანზაქციაში 25%-ზე მეტს იღებს. ასევე მაღალია საფოსტო ხარჯები. მათთან წილში ხომ არ ხართ? ჩაატარეთ ტენდერი, რატომ უნდა დაექვითოს დევნილის 350 ლარიან დახმარებას 25% და ამის გამო, რატომ უნდა იშოვონ მილიონები ან ბანკებმა და ან თქვენმა სამინისტრომ?" - მიმართა ბაღათურიამ მინისტრს.