ტრადიციისამებრ, თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს, ეტიუდების ფესტივალით ერთად აღნიშნავენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ქალაქ თბილისის მერია.
ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება მარჯანიშვილის თეატრში. წელს იგი რეგიონალური მასშტაბის იქნება. შესაბამისად, მასში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელოვნებო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, 2011 წლის ეტიუდების ფესტივალი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გაიხსნება და საზეიმოდ, 28 მარტს, ორშაბათს დაიხურება. იგეგმება 3 საათიანი ვორქშოფი, სამივე ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობა, რომლის შედეგადაც დადგმული ეტიუდი, ფესტივალის დახურვაზე იქნება ნაჩვენები.
გრან პრის, საუკეთესო შემსრულებელი გოგოსა და საუკეთესო შემსრულებელი ბიჭის გამოსავლენად წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: რეჟისორი - გიზო ჟორდანია, თეატრმცოდნე - გიორგი ცქიტიშვილი, მსახიობები - ნატა მურვანიძე და გოგა პიპინაშვილი.
ცალკე იქნება სტუდენტური ჟიური, რომელიც თავის რჩეულს გამოავლენს ნომიცანიაში „სტუდენტური ჟიურის სიმპათია".
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მარჯანიშვილის თეატრი, გამარჯვებულებს ფულადი პრემიებით დააჯილდოვებს. ხოლო ფესტივალის პარტნიორი კომპანია „ისი-პარი", გამარჯვებულებს „სურნელოვანი" პრიზებით დაასაჩუქრებს.
ფესტივალის მიზანია თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სტუდენტებში პროფესიული მოტივაციის ამაღლება, შემოქმედების პოპულარიზაცია და ამით მათი წახალისება. ასევე, ახალი სახეების აღმოჩენა და ტალანტების გამოვლენა.