დღეს, 24 მარტს, დღის პირველ ნახევარში, სამთავრობო დებატების ფარგლებში, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბალიანს, ხოლო დღის მეორე ნახევარში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილის მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამთავრობო დებატების განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
"შევთანხმდით, რომ დღის პირველ ნახევარში კობა სუბელიანის მოვუსმენთ, ხოლო მეორე ნახევარში რამაზ ნიკოლეიშვილს. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრის მოსმენა 25 მარტს გაიმართება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
22 მარტს პარლამენტში საგანგებო კვირა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გახსნა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია პასუხობდნენ. 23 მარტს პარლამენტარების წინაშე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარდგნენ.
25 მარტს კი საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით სამთავრობო დებატებს გილაური დახურავს.