სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვვეზერელის თანამდებობიდან განთავისუფლება უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდება.
პარლამენტის რეგლამენტის 215-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას ცალკეული მთავრობის წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
საკითხის დასმის უფლება აქვთ ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს.
პარლამენტი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, საკითხი მაშინვე დგება კენჭისყრაზე.
თუ პარლამენტი ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მთავრობის იმავე წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
თუ პრემიერ-მინისტრი არ გაათავისუფლებს მთავრობის წევრს, ასეთ შემთხვევაში იგი 2 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებას.
ბაკურ კვეზერელის პასუხისმგებლობის საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" დააყენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი წერილობითი განცხადებაც გადასცეს.