"ქრისტიან-დემოკრატებმა" სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს სამი მიზეზის დასახლება სთხოვეს, რატომ უნდა იყოს იგი მინისტრი.
"დამისახელოთ სამი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ბაკურ კვეზერელი უნდა იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი", - მიმართა კვეზერელს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს.
მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და ბაკურ კვეზერელის მინისტრობის დროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკამ თავისი შედეგებით საქართველოში კრახი განიცადა.
"ან თქვან არ გქონდათ პროგრამა ან ავტორიტეტი საქართველოს მთავრობაში. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ჩვენ თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნის აზრს ვერ ვხედავთ", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.
ამასთან, მან მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის კუთხით მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ 139 ქვეყანაში საქართველო აგროსამრეწველო პოლიტიკის ხარჯებით 114-ე ადგილზეა.
თარგამაძის თქმით, 2009 წლის მონაცემებით მთლიანი შიდაპროდუქტის 8.2% იწარმოება სოფლის მეურნეობაში, მაშინ როცა 2005 წელს ეს მონაცემები მთლიან შიდაპროდუქტთან მიმართებაში 14.8% იყო.