ხორვატია არის მოდელი იმისა, როგორ შეიძლება ომის შედეგად პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყანა იყოს წარმატებული. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლუკა ბებიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ხორვატიის რესპუბლიკა არის წარმატებული მაგალითი და მოდელი იმისა, როგორ შეიძლება რთულ რეგიონში, ომის შედეგად პრობლემების წინაშე მდგომი ქვეყანა იყოს წარმატებული და რეფორმატორი ქვეყნის მოდელი მთელი რეგიონისთვის. ასევე გახდეს ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას საერთო პოლიტიკური მისწრაფებები და რეფორმები აკავშირებს, რომელიც ხორვატიამ უკვე წარმატებულად გაიარა, საქართველო კი სწორედ ახლაა ამ პროცესში.
"საქართველოსთვის ხორვატიის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ბაქრაძემ.