როგორც კი ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდება, ორგანიზაციაში საქართველოს ეყოლება კიდევ ერთი საიმედო და სტაბილური მეგობარი. ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ლუკა ბებიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"როგორც კი ხორვატია გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ეყოლება კიდევ ერთი საიმედო და სტაბილური მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროსტრუქტურებში. ხორვატია მზადაა, მეგობარ საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ამ მიმართულებით. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დაიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - აღნიშნა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბებიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიას ისტორიულად აკავშირებთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ბრძოლა ევროპული მისწრაფებებისათვის მომავალშიც გაგრძელდება.
დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტის შემდეგ ხორვატიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გახდება უფრო ინტენსიური და თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზედაც გაღრმავდება.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ზაფხულში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა.
ერთობლივი ბრიფინგის დასრულების შემდეგ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომას დაესწრო.