ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს სამშობლოში ახალი ბრალდება წაუყენეს. ექს-პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებაში ადანაშაულებენ.
საუბარია ყირგიზეთში განთავსებულ აშშ-ის ავიაბაზაზე აქციზის გადასახადის გაუქმებაზე, რაც საწვავის მიწოდებისთვის იყო გათვალისწინებული. ამ გადასახადის გაუქმების გამო ყირგიზეთის ბიუჯეტს 26 მილიონი სომის (ნახევარმილიონიანი დოლარის) ზარალი მიადგა.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2002 წელს აქსიისკის რაიონში დემონსტრაციების მონაწილეთა დაღუპვის გამო ბაკიევს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მაშინ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ექვსი ადამიანი დაიღუპა. იმ დროისთვის ყურმან ბაკიევს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
დღესდღეობით ყირგიზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულში უშუალოდ ყურმანბეკ ბაკიევია დამნაშავე.
აღსანიშნავია, რომ ახალი ბრალდებები ბაკიევს დაუსწრებლად წაუყენეს.
შეგახსენებთ, ყურმანბეკ ბაკიევი 2010 წლის აპრილში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჩამოაგდეს. მან ყირგიზეთი დატოვა და ბელორუსიაში გადავიდა. ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება მის ექსტრადირებას ცდილობდა, თუმცა უარი მიიღო. ბაკიევი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.