საქართველოში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერის აზრით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა საქართველოზე გავლენის დაბრუნების ბერკეტები დაკარგა.
"სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი, არანორმალურია. ქართველები ხშირად მეუბნებიან, რომ რუსეთს უყვარს საქართველო, მაგრამ არა ქართული სახელმწიფო და ეს ალბათ, გარკვეულწილად სიმართლეა. რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ოსეთს, რათა საქართველოზე გავლენა დაიბრუნოს, თუმცა ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც მოსკოვისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, რუსეთმა თბილისით მანიპულირების ბერკეტი დაკარგა" - განაცხადა ჰაბერმა დღეს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, რუსეთმა"დამცველი ქვეყნის" იმიჯი კერ კიდევ მაშინ დაკარგა, როცა გეორგიევსკის ტრაქტატი დაარღვია.
ამასთან, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ახლა რუსეთმა აღარ იცის, საქართველოზე გავლენა რა გზით დაიბრუნოს.
"ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული მხარე საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების აფხაზებთან და ოსებთან და არა რუსებთან გაფორმების მოთხოვნას აყენებს და ამით საკუთარი თავის ცეცხლის განუახლებლობის გარანტად და არა კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას ცდილობს, თუმცა ვფიქრობ, ეს არ მოხდება, ვინაიდან იდეა იმისა, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს, აბსურდია" - განაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, ჰანსიორგ ჰაბერის აზრით, დღეისთვის კონფლიქტების მოგვარების პროცესი ჩიხშია შესული.