პოლიტიკური "რვიანის" შეფასებით, ხელისუფლებას კვლავაც არა აქვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება.
ასეთია ე.წ. რვიანის დასკვნა, რომლამდეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ოპოზიციური ძალები მოლაპარაკებების ხუთი თვის თავზე მივიდნენ.
"ხელისუფლებას კვლავაც არა აქვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება და არ აპირებს სათანადო ანგარიში გაუწიოს საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობას და გადადგას სწორი ნაბიჯები", - ნათქვამია პოლიტიკური რვიანის განცხადებაში.
ამასთან, რვიანის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ, თუმცა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.
"ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში. ხელისუფლების ადექვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელს ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად. ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციების სისწორის, ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენს ნაბიჯებზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან და თვითეულ მოქალაქესთან ერთად აუცილებლად დავძლევთ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილ საარჩევნო ნიჰილიზმს. ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს ვითარება და დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში. საჭირო და შესაძლებელი ნაბიჯები გუშინ შესაძლოა იყო ადრე, ხვალ უკვე იქნება გვიან", - აცხადებენ "რვიანის" წარმომადგენლები.