დღეს პარლამენტის წინ კონსერვატორებისა და ხალხის პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც "კონსერვატორების" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, აქციების ციკლი პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება, რადგან მინისტრები სწორედ პარასკევამდე აპირებენ პარლამენტში მისვლას.
"ე.წ. მინისტრები პარლამენტში ურხვად განაგრძობენ მისვლას. მაშინ, როცა ჩვენ მათ შესაბამისი სახელები დავარქვით: სიკვდილის მინისტრი, იგივე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ჯანდაცვის პროგრამების არარსებობის გამო ხოცავს ხალხს; შიმშილის მინისტრმა, იგივე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კი გააჩანაგა ჩვენი სოფლის მეურნეობა, ხოლო გაერთიანებული ქვითრების მინისტრმა, იგივე ენერგეტიკის მინისტრმა უპრეცედენტო .საერთო ქვითარი დაუწესა ხალხს.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ მინისტრების მიმართ უამრავი ბრალდება არსებობს. კერძოდ, ამ ჯანდაცვის მინისტრის დროს საავადმყოფოები და სამედიცინო სკოლები განადგურდა, რითაც ექიმები და პაციენტები დაზარალდნენ. ამას ემატება მედიკამენტების საშუალებით მოწყობილი გენოციდი, პეესპესა და ავერსის მონოპოლიზაცია, რითაც სააკაშვილის ოჯახი მდიდრდება.
ჩხარტიშვილის აზრით, სოფლის მეურნეობის მინისტრის დანაშაულია, რომ სოფლის მეურნეობის 80 % იმპორტირებულია, კატასტროფული მდგომარეობაა სოფლად, რასაც გენმოდოფიცირებული პროდუქცია ემატება.
"ენერგეტიკის მინისტრს კი ვადანაშაულებთ, რომ მან კორუფციული ტარიფები დააწესა, ქართულ-რუსულ ენერგომაფიას გაუღო კარი და გაერთიანებული ქვითარი შემოიღო, რაც უპრეცედენტო დანაშაულია",_აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ხვალინდელ აქციას დევნილებიც შეუერთდებიან, რადგან დევნილთა და განსახლების მინისტრი აპირებს პარლამენტში მისვლას, პარასკევს 12.00 საათზე კი პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.