პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება "ეროვნულ სპორტადაა" ქცეული.
როგორც ბაქრაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიტიკური მოდერნიზაცია ძალიან რთული ხდება.
"საქართველოს პოლიტიკური მოდერნიზაცია ძალიან რთულია. ჩვენი ქვეყანა იმ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც პოლიტიკური დაპირისპირება ეროვნულ სპორტადაა ქცეული. ჩვენი ძირითადი მიზანია შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, დავამკვიდროთ ტრადიცია, როცა დიალოგის გზით მოხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა", - განმარტა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ის მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს და პოლიტიკურ ასპარეზზე ძალთა ბალანსის დამყარებას შეუწყობს ხელს.
"არ ვამბობ, რომ ოპოზიცია ყოველთვის უნდა ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ პოლიტიკოსებმა სწორედ დიალოგის გზა უნდა აირჩიონ. მოსაზრება, რომ მოლაპარაკებებით ვერაფერს მიაღწევ, არამართებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. იგი შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს - მთელი პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც გასული წლების გამოცდილებით, ერთ ძალაში იყო კონცენტრირებული, წარსულს ჩაბარდება და ჩამოყალიბდება სისტემა, სადაც ძალთა ბალანსი იარსებებს", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნულის კონტექსტში, დავით ბაქრაძემ სემინარის მონაწილეებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებათა შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ "შეიძლება ყველა კონკრეტულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდეს, მაგრამ ცალკეული ელემენტები მაინც გათვალისწინებული იქნება".
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, სადაც ნატოს საპარლამენტო სამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი ერთი საათის წინ გაიხსნა. სემინარს ნატოს წევრი სახელმწიფოების 70-მდე ქვეყნის დეპუტატი ესწრება. სემინარი 25 მარტს დაიხურება.