ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი კაპიტალისტებს მარსზე სიცოცხლის გაქრობაში ადანაშაულებს.
"უცნაური არ იქნებოდა, რომ მარსზე ოდესმე სიცოცხლე ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი კაპიტალიზმის ეტაპს მიუახლოვდა, გაჩნდა იმპერიალიზმი და ამ პლანეტას ბოლო მოუღო",_აღნიშნა უგო ჩავესმა. მისი სიტყვა ვენესუელის ტელევიზიასა და რადიოთი გადაიცა.
თავისი თეორიის დასადასტურებლად უგო ჩავესმა დედამიწაზე გლობალური დათბობა დაასახლა, რაც ატმოსფეროში მავნე ფაბრიკული წარმოების ნარჩენების გადაყრის შედეგია.
"იქ, სადაც დიდი ტყეები იყო, დღეს უდაბნოა. იქ, სადაც დიდი მდინარეები მოედინებოდა, იქაც უდაბნოა",_აღნიშნა ვენესუელის მეთაურმა.
მისი თქმით, ნიადაგის დეგრადაცია დედამიწას სიკვდილს უქადის. ამასთან, ჩავესმა საზოგადოებას "წყლის თითოეული წვეთის" გაფრთხილებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, უგო ჩავესი კაპიტალიზმისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დიდი ხნის მოწინაღმდეგეა. კაპიტალიზმსა და აშშ-ის პოლიტიკას იგი ერთმანეთს ხშირად უკავშირებს. "ამერიკულ იმპერიალიზმთან" საკუთარი ბრძოლის შესახებ მან არაერთგზის მიუთითა. ჩავესი პირადად აკრიტიკებდა აშშ-ის ყოფილ ლიდერს ჯორჯ ბუშ-უმცროსს და მას "სატანას", "ალკოჰოლიკს", "ისტორიის ყველაზე საშიშ მკვლელს", "ცბიერს", "ტირანსა" და "სახედარს" უწოდებდა.
ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ კი უგო ჩავესმა განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, ამერიკის ჰეგემონიის სათავეში "თეთრი იქნებოდა თუ შავი".