ჩვენ ვართ სულსწრაფები, სწრაფად გაჩენილ სურვილებს აყოლილები და მსწრაფლ მიმავლები სურვილებისაკენ... სულსწრაფი სურვილებისაკენ მიმავლები, სულების სისწრაფეში გაწაფულები...
ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ(!)
ჩვენ შეგვიძლია ლოდინიც... მთელი ცხოვრება, ეპოქები და საუკუნეები, ველოდებით მომავალს, გვახსოვს წარსულიც, მაგრამ ვერასდროს "ვგრძნობთ" აწმყოს(!) ამიტომაც გვიჭირს იმის გარკვევა, ნებისმიერი მოვლენა, ოდესღაც იყო, თუ ოდესმე იქნება... იქნებ არც გვიჭირს, მაგრამ აწმყოშიც ხომ რაღაც უნდა ვაკეთოთ და ვაკეთებთ კიდეც: ჩვენი აწმყო გამუდმებით იმის გარკვევას ცდილობს ოდესმე "სჯობს" ოდესღაცს, თუ პირიქით(?) დროსა და სივრცეში დაკარგულები და აბსურდული პაექრობით გადაღლილები კი, მუდმივად იმით ვიმშვიდებთ თავს, რომ "ადგილთა გადანაცვლებით ჯამი არ იცველება". Aასე, რომ ოდესღაც იქნება პირველი "შესაკრები", თუ ოდესმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ სწორედ მათი "ჯამი" ქმნის საქართველოს ისტორიას, აწმყოს ჩაურევლად(!)
* * *
ჩვენ ვართ სულსწრაფები, იმდენად სულსწრაფები, რომ ხშირად ნატვრა რეალობისაგან ვერ გაგვირჩევია... თუ გავიფიქრეთ, თუ ვინატრეთ და ვიოცნებეთ ესე იგი შედეგი უკვე დაგვიდგა, თანაც აწმყოში...
გვინდა კეთილდღეობაში ცხოვრება? ძალიან კარგი, ჩვენ ის უკვე გვაქვს(!)
გვინდა სამართალი? ჩვენში სამართალმა, მანამადე ერთობ "ნაშიმშილებმა", აგერ უკვე მეექვსე წელია "პურის ჭამა" დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით, კარგა გვარიანადაც "დანაყრდა" (რით, ან როგორ, ეგ რა საკითხავია)! გვინდა დემოკრატია? Dდა ვინ გვიშლის მერე, ილაპარაკე რამდენიც გინდა, თუ გინდა პრეზიდენტის სკამსაც "შემოურბინე" გარშემო, მთავარია, რომ არ "დაეჯაჯგურო" და ამ სკამზე შემოსკუპება არ მოგინდეს თავად(!) გვინდა გვყავდეს მტერიცა და მოკეთეც(თუნდაც იმის დასტურად, რომ ვარსებობთ)? რასაკვირველია, აქაც, როგორც ყველა მნიშვნელოვან საკითხში, ყველაფერი რიგზეა და "როლებიც" დიდი ხნის წინ გადანაწილდა: მეგობარი - ამერიკა; მტერი - რუსეთი(!)
გვინდა დიქტატისა და ერთპიროვნული მმართველობის ნიშნები ბოლომდე ამოვძირკვოთ? ამისთვის "ოპოზიცია" გვყავს(!)
გვინდა ცხოვრება ნათელ ფერებში დავინახოთ? Mმერედა რა არ გვყოფნის საამისოდ - მუდმივი ელექტროენერგია ყველასთვის, ღიმილი პარლამენტარებისათვის, ჭრელა-ჭრულა პერანგები მინისტრებისათვის და რაც მთავარია, პრეზიდენტისეული ჰალსტუხების( ერთის გამოკლებით) გამა, განა ამისათვის საკმარისი არაა(!)
გვინდა ცხოვრება მართლაც მშვენიერი იყოს? ამისთვის არც მეტი, არც ნაკლები ღილაკზე ხელის დაჭერაც საკმარისია და "შავ ყუთიც"(ამ ცნების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ჩაირთვება: მიშას "შოუ", ვანოს "შოუ", გიგის "შოუ"... აირჩიე რომელიც გინდა(!)
ერთადერთი რაც გვინდა და არ გვაქვს, ეს ტერიტორიული მთლიანობაა, რადგან ვერანაირი პოლიტიკური ჰიპნოზითა და ზომბირების მეთოდით ვერ შევძელით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეღწევა... თუმცა კაცმა, რომ თქვას, ეს ტრაგედია არცაა. პირიქით, ერთგვარი სტიმული და გამართლებაა ხელისუფლებაში ყოფნის(!) Uუამრავ "სიკეთესთან" ერთად ტერიტორიული მთლიანობაც თუ აღადგინეს, მაშინ "ამათი" ადგილი ცაში ყოფილა და რაღა გვეშველება დედამიწაზე მათ გარეშე დარჩენილებს - ვინღა გვეტყვის, რომ "პირველად საქართველოში" ოდესმე იქნება, ან ოდესღაც უკვე იყო(?)
* * *
ჩვენ ვართ სისწრაფეში გაწაფულები... ჩვენ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლა ერთ დღეში მივიღოთ 79 კანონი; წელიწადში ორჯერ ჩავატაროთ არჩევნები; ყოველ ექვს თვეში ვცვალოთ მინისტრები; ერთ თვეში ავაშენოთ ცათამბჯენები და ერთ წელიწადში შევაბიჯოთ "აღქმულ ქვეყანაში"...
ჩვენ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ორ დღეში წავაგოთ ომი და ზუსტად ორ დღეშივე დავკარგოთ 200-მდე სოფელი... და რაც მთავარია, ჩვენივე სულსწრაფობის წყალობით, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დამარცხება გამარჯვებასავით ვიზეიმოთ წინასწარ, იმდენად წინასწარ, რომელსაც ხანდაზმულობის გამო შესაძლოა ვერც კი მოვესწროთ(!)
და მაინც, ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ... ჩვენ გვინდა შვეიცარიის ტიპის ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს შვეიცარული საათი(!)
არ გვაქვს შვეიცარიული საათივით "აწყობილი" გონება და ჩვენი დროის განმსაზღვრელი "ისრები" ერთმანეთთან ისევე "შეუთანხმებლად" მოქმედებან, როგორს პოლიტიკური ვექტორები(!)
ჩვენ გვინდა გვიძმოს ამერიკამ, გვიმტროს რუსეთმა(!)
არც ერთს უჭირს ჩვენი "ახირების" დაკმაკოფილება და არც მეორეს... დიდი გათვლით, ჩვენ თუ არ ვკარგავთ არაფერს, ისინი მით უფრო არ კარგავენ... ერთს ლიბერალისა და დემოკრატის იმიჯი ისედაც სჭირდება, მეორეს იმპერიალისტისა და დიქტატორის... ჩვენ კი, ალბათ - ერთდროულად მონისაც და სპილოსთან მებრძოლი ჭიანჭველისაც... Mმოკლედ, "თეორიულად" ყველაფერი რიგზე გვაქვს, პრაქტიკულადაც - როცა მტრობაზე მიდგება საქმე... აი, შვეიცარიული "საათი" კი არ გვაქვს, რადგან ჩვენ მუდმივად სადღაც გვეჩქარება და მაინც ვაგვიანებთ მუდამ(!)
* * *
ჩვენ ველოდებით მომავალს, გვახსოვს წარსულიც, მაგრამ ვერსადროს ვგრძნობთ აწმყოს(!)
ვერ ვგრძნობთ, რადგან, იმისათვის, რომ აწმყო აწმყოდ შეიგრძნო და მით უფრო გაითავისო, მხოლოდ წარსულის აჩრდილებთან "გამუსაიფება" და მომავალზე ოცნება არ კმარა. სულ მცირე ამისთვის მოქმედებაა საჭირო, მაშინაც თუკი ჭაობში დგახარ და ხელებს უშედეგოდ ატყაპუნებ(!)
ჩვენ გვახსოვს, რომ გვყავდა თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული და ცოტნე დადიანი... გვახსოვს, რადგან მოცალეობის ჟამს გვიყვარს თავის შექცევა დიდებით მოცული წარსულის გახსენებით; გვიყვარს იმის ხაზსგასმა, თუ რაოდენ დიდებული წინაპრები გვყავდა, მაგრამ არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე, რამდენად ვგავართ მათ შთამომავლებს, ან რას გვავალებს მათი მემკვიდრეობა(?)
ჩვენ გვახსოვს დიდგორიცა და ბასიანიც, მაგრამ აწმყოში მუდმივად იმ მომავალზე ვოცნებობთ, როცა "რევერანსებით" გაგვიღებენ "ნატოსა" და "ევროკავშირის" კარს... საკუთარი სახლისა და ქვეყნის კარები კი, ლუარსაბ თათქარიძის აოხრებული ეზო-კარისა არ იყოს, მუდამ "ღია" გვაქვს... ვისაც როდის უნდა მაშინ შემოვა და მაშინ წავა... რასაც უნდა იმას შემოიტანს და რასაც უნდა იმას გაიტანს... წაგლეჯვა-წართმევაზე თუ მიდგა საქმე, ამასაც წარსულიდან და მომავლიდან ვპასუხობთ, რადგან აწმყოში არც მოქმედების თავი გვაქვს და არც ხელის შებრუნების(!)
ჩვენი პასუხის "მთავარი გმირი" მუდმივად "სხვაა", არაქართველი, არა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ქართველზე "ფასეული" და ძლიერი, საქართველოში და ქართველებისათვის...
ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკა, რაღაცით "უფროსის" დაჩაგვრით ატირებულ ბავშვის დაქადნებას დაემსგავსა: "...აი, ჩამოვა ბუში საქართველოში და ნახავს პუტინს რასაც უზამს!.." ბუში მართლაც ჩამოვიდა - დიდი ზარ-ზეიმით დავხვდით, ხინკალიც დავაგემოვნებინეთ, ქართული ღვინოც დავაჭაშნიკებინეთ, მისი სახელობის ქუჩაც გავხსენით და არშემდგარი ტერაქტიც მოვუწყეთ, მაგრამ ამით პუტინს "უხაში" ჩასაყრელი ხახვიც კი ვერ დავაჭერით ყურებზე... ორი წლის შემდეგ, ორ დღეში, ორჯერ ასეული სოფელი ისე "აგვაწაპნეს" თვალსა დ ხელს შუა რუსებმა, ბუშმა თეთრი სახლიდან მეექვსე დღეს ძლივს ამოღერღა ერთი სიტყვა: "სამწუხაროაო"...
"...აი, ახლა შეხვდება ობამა მედვედევს და მთელი სოფლიოს თვალწინ დასცემს ბეჭებზეო" - წინასწარმეტყველებდნენ "ორ ხმაში" ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები, მაგრამ როგორც ყოველთვის ამაო გამოდგა, მათი დაქადნება... მედვედევს ბეჭებზე დაცემულის არაფერი ეტყობოდა, მეორე დღესვე ისე მხრებში გაჯგიმულმა შეაბიჯა ჩვენთვის სამაჩაბლოში და მისთვის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში.
ახლა ბაიდენს ველოდებით!
ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია და ცალკე ისინიც, ვინც ხელისუფლებაში არაა, არც ოპოზიციაშია, მაგრამ პოლიტიკაში კი ნამდვილად არის(!)
სამზადისი ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს: ბაიდენთან შეხვედრის სურვილი... კაცმა, რომ თქვას არც არაფერია ამ ერთი შეხედვით უწყინარ სურვილში გასაკვირი(ბოლოს და ბოლოს მეორე კაცია ამერიკაში ბაიდენი), მაგრამ ის კი ნამდვილად იქნება საკვირველებათაშორისი საკვირველებაა, როცა ბაიდენი ერთ ციცქნა საქართველოში სულ მცირე, "ორ საქართველოს" აღმოაჩენს(?)
ერთს, უდავოდ ზე-დემოკრატიულს, სამართლიანსა და კოსმიური სისწრაფით განვითარებულს... M
მეორეს, კარდინალურად განსხვავებულს: დიქტატორულს, პოლიტ-პატიმრებით "დახუნძლულსა" და დამშეულ-დასანტაჟებული მოსახლეობით გაჯერებულს...
პრინციპში დროისა და სურვილის ამბავია, თორემ მესამე საქართველოს "აღმოჩენაც" არ იქნება ამერიკის ვიცე პრეზიდენტისათვის პრობლემა, არც მეოთხესი და არც მეხუთესი...
გააჩნია, რას დაათვალიერებინებენ მასპინძლები საპატიო სტუმარს და ოპოზიციიდან ყველას ერთად შეხვდება, ცალცალკე, თუ ამორჩევით(?)
ეს რაც შეეხება ოფიციოზს, თორემ კახეთის დასეტყვილ ვენეხებში და გურიის დანესტილ ყანებში ბაიდენს არავინ გაატარებს... ეკოლოგიური კატასტროფისა და მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირის დასაფარად კი არა, არამართვადი "მასოვკის" შიშით: ერთმა პირდაპირმა კახელმა და ენაკვიმატმა გურულმა შეიძლება იმაზე მეტი ზიანი მოუტანოს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, ვიდრე რუსეთს მოუტანია მისთვის მართველობის მანძილზე(!)...
* * *
მოკლედ, რაც არ უნდა ზარ-ზეიმით, ტაშითა და ნაღარით დავხვდენთ ბაიდენს, ბაიდენი მოვა და ბაიდენი წავა... ისევე, როგორც აქამდე მოსულან და წასულან(!)
ჩვენ კი დაგვრჩება სურვილი, შვეიცარიის ტიპის ქვეყანა გვქონდეს, თანაც შვეიცარიული საათის გარეშე...
ჩვენ ვართ სულსწრაფები, სულსწრაფი სურვილებისაკან მიმავლები და სისაწრაფეში გაწაფულები... ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ... ჩვენ შეგვიძლია ლოდინიც, მთელი ცხოვრება, ეპოქები და საუკუნეები ვუცდით მომავალს, გვახსოვს წარსულო, მაგრამ ვერ "ვგრძნობთ" აწმყოს(!)
და ამიტომ, დროსა და სივრცეში არეულებს, პირველად საქართველოში გვარწმუნებენ, რომ: ის რაც ოდესღაც იყო და ოდესმე იქნება, "აქ და ამჟამად" ხდება!..
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი