რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მასსა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის დაპირისპირებას უარყოფს.
პუტინს ამჯერად მედვედევის იმ განცხადებაზე მოუწია განმარტების გაკეთება, რომელშიც რუსეთის პირველმა პირმა პრემიერი ლიბიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო გააკრიტიკა.
"ლიბიის საკითხთან მიმართებაში ჩვენი ერთიანი პოზიციის შესახებ კითხვები ჩნდება. მინდა აგიხსნათ, რომ საგარეო პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტს აბარია და ამ საკითხში ის ერთპიროვნულია. დაპირისპირება აქ არაფერ შუაშია", - განმარტა პუტინმა.
აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელს ლიბიასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ შეუცვლია და განმარტა, რომ "ყველანი უნდა დავფიქრდეთ მსხვერპლის რაოდენობაზე, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო ომს და დაბომბვებს მოჰყვა".
შეგახსენებთ, რომ პუტინი მედვედევის კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ლიბიაში კოალიციური ძალების ქმედებები დაგმო და ის ჯვაროსნულ ლაშქრობებს შეადარა.