საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ისრაელელი ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის დაკავებასთან დაკავშირებით "საფუძლიანი ეჭვი" გამოთქვა.
მისი ინფორმაციით, 90 წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამდე, "ამ ე.წ. ბიზნესმენმა აქ სხვადასხვა მექანიზმებით და შემიძლია საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვა, რომ გარკვეული მატერიალური დაინტერესების გამოყენებით საქართველოში ყველანაირი ექსკლუზივი უფლება მიიღო ნავთობის გადაზიდვაზე, ტრანსპორტირებაზე და მოპოვებაზე".
"ასეთი საბუთი დაიჭირა ამ კაცმა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში იყო დაპირისპირება და ომი და ამ ლეგალური საბუთის საფუძველზე, რომელიც მიიღო ქრთამების გადახდით, სხვანაირად ასეთ საბუთს მაშინ არავინ არ გასცემდა, წავიდა და ჩიოდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სხვადასხვა სასამართლოებში, რომ გამოეძალა ქვეყნისთვის 100 მილიონი დოლარი", - აღნიშნა ცისკარიშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავების საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ბოლოს ეს ბიზნესმენი თანამედროვე მოხელეებს პირდებოდა, რომ "ატკატებს" მისცემდა თუ დამეხმარებოდნენ სახელმწიფოსგან ამ თანხების გამოძალვაში.
"თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ადამიანი, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის და უნდა რომ გამოძალოს ამხელა თანხა და შემდეგ მას ქრთამის მიცემის ბრალდებით, რაღაც პრობლემები ექმნება ეს ქვეყნის ბიზნეს გარემოს აუარესებს? ასეთი წარმოდგენა გაქვთ ყველა სხვა ბიზნესმენებზე ვინც მსოფლიოში მოღვაწეობს? თუ ასეთი წარმოდგენა გაქვთ მაშინ ასეთი ბიზნესმენები არ გვჭირდება და ნუ ჩამოვლენ ქრთამების გადასახდელად და ქვეყნისთვის ფულის გამოძალვისთვის", - მიმართა ცისკარიშვილმა ვეფხვაძეს.