"საქართველოში ერთადერთი მონოპოლია არსებობს და ეს აქვს ოპოზიციის - ისაუბროს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა სამთავრობო დებატების პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.
"ჩვენი ოპონენტები მთელი დღეა საუბრობენ მონოპოლიაზე. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ არაფერი მონოპოლია არ არსებობს, ერთადერთი მონოპოლიის გარდა და ეს აქვს ოპოზიციას, ყოველგვარი არგუმენტების, იდების და ხედვების გარეშე საუბარი", - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში არსებული პრობლემების არავითარი ექსპერტიზა არ გააჩნია და შესაბამისად არც გამოსავალის გზების პოვნა შეუძლია.
"მთლი დღეს ლაპარაკობენ 100-დოლარიან პენსიაზე, მაგრამ როგორც იცით, ეკონომიკას ახასიათებს თანმიმდევრულობა და ფინანსური ინექცია მაშინ უნდა განხორცილდეს, როდესაც ეკონომიკა იზრდება, რადგან მოულოდნელი ინექცია შეიძლება კატასტროფის ტოლფასი იყოს. ამიტომ 100-დოლარიანი პენსია რამდენიმე წლის წინ რომ დაგვენიშნა, მხოლოდ ორ თვეს შევძლებდით მის გაცემას. საქართველოს მთავრობას კი აქვს ძალიან მაკაფიო გეგმა, სად არის პრობლემები და სად არის სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზები", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა ეს არის გუნდი, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და დაცლილია ყოველგვარი პოპულიზმისგან.