ნატო რუსეთისგან 2008 წელის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დებულების შესრულებას მოითხოვს. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, კარლ ლამერსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოვითხოვთ, რუსეთმა შეასრულოს დებულებები, რომელიც ჩადებულია 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაში", - აღნიშნა კარლ ლამერსმა და დასძინა, რომ იგი მიესალმება საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ აღებულ მტკიცე კურსს.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც აქვს ქვეყანას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
"საქართველოში გარკვეულ სფეროებში კორუფციასთან ბრძოლის შედეგებიც აღსანიშნავია", - დასძინა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბაქრაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმებზე და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზედაც ისაუბრეს.