პოლკოვნიკი მუამარ კადაფი თითოეული ოპოზიციონერის მოკვლისთვის თავის მომხრეებს 350 ევროს დაჰპირდა. ამის შესახებ მიკრობლოგების საშუალებით ამ ფაქტის თვითმხილველები იტყობინებიან.
მეამბოხეთა მტკიცებით, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა რაზმმა კადაფის მომხრის აყვანა შეძლო, რომელმაც აღიარა, რომ კადაფი მოკლული მეამბოხის ტრიპოლში მიტანილი სხეულისთვის 600 დინარს (დაახლოებით 350) ევროს გაიღებდა.
ამბოხებულებსა და მუამარ კადაფის მიმართ ლოიალურად განწყობილ ძალებს შორის ბრძოლები ქალაქ ზინტანსა და მისურატაში გრძელდება. ამავდროულად, დასავლეთის ძალები კადაფის პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებენ.
ჯერ კიდევ დასავლეთის ჯარების ჩარევამდე მუამარ კადაფი აცხადებდა, რომ ყველა ლიბიელისთვის, რომელიც მის მხარეს იბრძოლებდა, იარაღის საწყობებს გახსნიდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალებმა ლიბიის დაბომბვა დაიწყეს, კადაფიმ აღნიშნა, რომ ლიბიელები მზად არიან, განაგრძონ ომი და მომხრეებს შეიარაღებისკენ მოუწოდა.