ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას თქმით, ამიერიდან ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულების უსაფრთხოებაზე სამაშველო სამსახური იზრუნებს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქობალიამ განაცხადა, საქართველოში მაღალმთიანი კურორტებისთვის სამაშველო სამსახური იქმნება. აღნიშნული სამსახური კი როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.
უკვე ცნობილია, რომ ქართულ მხარეს სამაშველო სამსახურის შექმნის პროცესში დახმარებას საფრანგეთი გაუწევს, რომელსაც ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად აპრობირებული სისტემა აქვს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ფრანგული სამაშველო ორგანიზაციის "სამოქალაქო უსაფრთხოება საზღვრებს გარეშე" პრეზიდენტს ბერნარ ჟანას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მრავალპროფილიანი სამაშველო სამსახურის შექმნას შეეხო, რომელიც მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე სხვა მაღალმთიან კურორტებზე იმუშავებს და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
ჟანას ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში სხვადასხვა სპეციალობის დაახლოებით 100 ადამიანი იმუშავებს, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფი და კარგად ორგანიზებული სამაშველო სამუშაოს ჩატარებას.
ქობალიას განცხადებით, აუცილებელია, საქართველოში კარგად გამართული სამაშველო სისტემა არსებობდეს, რომელიც მაღალმთიან კურორტებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტებისთვის.
მინისტრის ინფორმაციით, ფრანგული სამაშველო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში 2 კვირაში კიდევ ჩამოვლენ, ისინი მესტიის მოსახლეობას შეხვდებიან და სამაშველო სამსახურისთვის შესაფერის კანდიდატურებს შეარჩევენ.
შემდეგ ეტაპზე იგეგმება გუდაურში სასწავლო პროგრამის პირველი ეტაპის ჩატარება. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შემუშავდება ბიზნესგეგმა, რაც საქართველოში უკვე რამდენიმე თვის შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების სამაშველო სამსახურის ამოქმედებას უზრუნლველყოფს.