კრიზისის შედეგად უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რამდენიმე დღის წინ ცნობილ მილიარდერ დონალდ ტრამპთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირებს.
მინისტრის თქმით, ტრამპთან გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლების მთავარი იმპულსი უნდა გახდეს.
მინისტრის თქმით, ბაზარს გამოაცოცხლებს ასევე ქობულეთისა და ანაკლიის ტურისტულ ზონებში ახალი სასტუმროების მშენებლობა, რომელიც უახლოეს ხანებში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ტრამპ-ტაუერის მშენებლობის დაწყების შეთანხმება ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის ნიუ-იორკში, ცნობილი მილიარდერის სათავო ოფისში გაფორმდა.
ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება, შემდეგ კი თბილისში. კომლექსებში, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, იქნება სამორინეები და საოფისე ფართობი.
აღსანიშნავია, რომ New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში თავისი სახელის ლიცენზირებას განახორციელებს და მისი კომპანია საქართველოში "ტრამპ თაუერების" მენეჯმენტს მოახდენს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თავად ტრამპი პროექტებში საკუთარი თანხის ჩადებას არ აპირებს. დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობას ვარდების რევოლუციის მოედანზე; და ასევე Trump Riviera-ს მშენებლობას ბათუმში. მშენებლობის დაწყება, რომელიც Silk Road Group-ის ზედამხედველობით განხორციელდება, 2013 წლიდან იგეგმება, იტყობინება New York Times-ი.