გვატემალის პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა და მისმა მეუღლემ სანდრა ტორესმა გაყრა გადაწყვიტეს, რათა ახლანდელმა პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
წყვილმა გაყრის შესახებ ორმხრივ თანხმობაზე განცხადება ჯერ კიდევ 11 მარტს შეიტანა.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა სანდრა ტორესი არჩევნებში მონაწილეობას, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.
თავის მხრივ, ოპოზიცია კოლომასა და ტორესის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და მათ ქმედებებში უპატიოსნო ბრძოლის აშკარა ნიშნებს ხედავს.
შეგახსენებთ, 9 მარტს გვატემალის პირველმა ლედიმ სანდრა ტორესმა აღნიშნა, რომ სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, რათა ამ პოსტზე საკუთარი მეუღლე ალვარო კოლომა შეეცვალა.
ტორესმა არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა მაინც გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონის თანახმად, პრეზიდენტის ნათესავებს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ აქვთ.