საერთაშორისო კოალიციის მიერ ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია შესაძლოა გაიწელოს, იმის გამო, რომ ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფს ძალუძს რამდენიმე თვისა და წლის განმავლობაშიც კი დაქირავებულ მებრძოლებს თანხა გადაუხადოს. გაზეთ "The Financial Times"-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის ოჯახის ანგარიშები სხვა ქვეყნებში გაყინულია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ლიბიის ცენტრალურ ბანკში 143,8 ტონა ოქრო ინახება, რომლის ღირებულება 6,5-ზე მეტი მილიარდი აშშ დოლარია.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ოქროს მარაგი, შესაძლოა კადაფისათვის ნამდვილი გადამრჩენი რგოლი გახდეს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუკი ის შეძლებს და ამ ოქროს საზღვარგარეთ გაყიდის. ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ეს ტვირთი უკვე გატანილია ტრიპოლიდან. ბანკის თანამშრომელთა აზრით, არც ერთი საერთაშორისო ბანკი ან სავაჭრო ფირმა არ იყიდის ამ ოქროს, იმ შემთხვევაში თუ მისი წარმოშობის პირველწყაროს შესახებ გაიგებს. თუმცა კადაფს შეუძლია გადაცვალოს ოქრო ჩადში ან ნიგერში ვალუტაზე და გადარიცხოს იგი ბანკში ანგარიშზე რომელზეც ხელი ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუწვდებათ.
ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის სამხრეთში მომხდარმა რევოლუციებმა ოქროს რეკორდულად გაძვირება გამოიწვია. ოქროს მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს. ბოლო წლებში კი ოქროს აქტიურად აგროვებს ირანი.