მუამარ კადაფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებას გერმანელების მოკვლით აშანტაჟებდა. 80-იანი წლების დასაწყისში ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებას ჰელმუტ შმიდტის ხელმძღვანელობით, აშანტაჟებდა.
იგი გერმანული მხარისგან იმ ოპოზიციონერთა გადაცემას მოითხოვდა, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში იმყოფებოდნენ. მეტიც, კადაფი პირდაპირ გერმანიაშივე მოითხოვდა მათ განადგურებას. ამის შესახებ "შპიგელი" მის ხელთ ჩავარდნილი საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.
ოპოზიციონერთა გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, კადაფი ლიბიაში მყოფი გერმანელების მოკვლით იმუქრებოდა. ასეთი ულტიმატუმი ერთ-ერთმა ლიბიელმა ჩინოვნიკმა 1980 წლის 27 მაისს ტრიპოლში გერმანიის ელჩს გიუნტერ ჰელდს გადასცა.
გერმანიას უნდა გადაეწყვიტა, თუ ვისთან ითანამშრომლებდა_"ლიბიელ ხალხთან თუ მოღალატეებთან". იმ დროისთვის ლიბიაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 2500 მოქალაქე იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი უკვე დაპატიმრებული იყო და საელჩოში ეჭვობდნენ, რომ მათ ციხეებში აწამებდნენ. გარდა ამისა, გერმანიას ლიბიის ნავთობიც სჭირდებოდა.
მიუხედავად ამისა, კანცლერმა შმიდტმა ლიბიის ლიდერის შეთავაზებას უარით უპასუხა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი კადაფიმ ტონი შეარბილა.
გერმანულმა მხარემ დაკავებული გერმანელების გათავისუფლებას მაინც მიაღწია.