აშშ-ს არმიის გენერალ კარტერ ჰამის განცხადებით, კოალიციის ძალები ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
"არ ვფლობთ ინფორმაციას კადაფის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ და ამ მხრივ სამხედრო ოპერაციაც არ ჩაგვიტარებია. ჩვენი მიზანია შევასუსტოთ ლიბიის ხელისუფლების სამხედრო შესაძლებლობები და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ შესამჩნევი შედეგი გვაქვს. ჩვენი მისია ლიბიის მშვიდობიანი ხალხის დაცვას გულისხმობს და ის არ ითვალისწინებს რომელიმე ოპოზიციური ძალის მხარდაჭერას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა ქვეყანაში მოქმედ ოპოზიციურ ძალებთან", - განაცხადა ჰამმა.
ტრიპოლიში სროლისა და აფეთქების ხმა მთელი ღამე ისმოდა. მუამარ კადაფის რეზიდენციასთან ამ დრომდე არიან ლიბიის ლიდერის მხარდამჭერები, რათა შენობის დაბომბვის საშუალება კოალიციის ძალებს არ მისცენ. ლიბიის მთავრობამ გუშინ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც კოალიციის ძალებს ბრალი დასდო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში. პრესსპიკერმა ასევე დაამატა, რომ "ალ-ქაედა" მალე ტრიპოლს მეორე ბაღდად აქცევს. კოალიციის ჯარები უკვე მესამე დღეა ლიბიაში საომარ მოქმედებებს აწარმოებენ.