აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ დახოცილი ავღანელების ფოტოების გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა. ფოტოებზე ამერიკელი სამხედროები დახოცილი ავღანელების გვამების გვერდით პოზირებენ. ამის შესახებ "ასოშიედ პრესი" იტყობინება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თომას კოლინსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ქმედებები არ შეესაბამება საერთოკაცობრიულ მორალურ-ეთიკურ ნორმებს და ამერიკის არმიის მაღალ სტრანდარტებს.
"პატიებას ვითხოვთ იმ ტკივილისთვის, რაც ამ ფოტოებს შეეძლოთ, გამოწვიათ", _ ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.
სკანდალური ფოტოები 20 მარტს გერმანულმა გამომცემლობამ "შპიგელმა" გამოაქვეყნა. ფოტოებზე ამერიკელ სამხედროებს ერთმანეთის მიყოლებით უჭირავთ ადამიანი, რომელიც ყველა ნიშნით, მკვდარი უნდა იყოს. ამასთან, ფოტოზე ამერიკელები მხიარულად გამოიყურებიან, იცინიან და ერთ-ერთ მათგანს ხელში სიგარეტიც უჭირავს.