"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ვებგვერდ chemikucha.ge-ის პრეზენტაცია გამართა. ახალი ვებგვერდის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
chemikucha.ge FixmyStreet -ის კონცეფციას ემყარება, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში წარმატებულად ხორციელდება. აღნიშნულ ქვეყნებში ანალოგიური ვებგვერდების დახმარებით ათასობით პრობლემა გადაიჭრა. პირველი ასეთი სახის პლატფორმაა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყანაში შეიქმნა.
chemikucha.ge-ის ახალი ვებგვერდის დახმარებით თბილისელებს შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ მოკლე შეტყობინება განათავსონ, რაც ამ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.
ვებგვერდის ადმინისტრაცია აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის მერიასთან. ქალაქის მუნიციპალიტეტი განიხილავს საიტზე შემოსულ საკითხებს და მათ მოგვარებას შეეცდება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, თბილისი უფრო ლამაზი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ქალაქი გახდეს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ნებისმიერ ურბანულ განვითარებაში მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია.
"ვფიქრობ, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია. მთავარია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ამ ვებგვერდზე. თბილისში ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს. დარწმუნებული ვარ, ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტის მომხმარებელი გახდება", _ აღნიშნა უგულავამ.
მისი თქმით, სულაც არ სურს, ილუზია შექმნას, რომ შეტყობინებიდან ერთ წუთში შეიძლება პრობლემა გადაიჭრა. ამ ყველაფერს დრო, თანხა და ბევრი სხვა რამ სჭირდება. თუმცა ნებისმიერი ფორსმაჟორული საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისთვის და გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის ეს საიტი მნიშვნელოვანი იქნება.