რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ "აუცილებელია, იყო მაქსიმალურად აკურატული განცხადებებში, რომლებიც ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს ეხება".
"ყოვლად დაუშვებელია გამოიყენო გამონათქვამები, რომლებიც არსებითად ცივილიზაციების შეჯახებას იწვევს, რაღაც "ჯვაროსნული ლაშქრობების" მაგვარი და ა.შ. - მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება გაცილებით უფრო ცუდად დასრულდეს, ვიდრე ახლა არის. ეს ყველას უნდა ახსოვდეს", - განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ლიბიაში მიმდინარე სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ლიბიის შესახებ მიღებული რეზოლუცია არასრული და ზარალის მომტანია და "შუასაუკუნეების მოწოდებას ჰგავს ჯვაროსნული ომის დაწყების შესახებ".
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სხვა ქვეყნების კონფლიქტებში ჩარევის პოლიტიკა მდგრად ტენდენციად ჩამოყალიბდა - არც სინდისი არსებობს და არც ლოგიკა.
"მართალია, ლიბიის რეჟიმი ვერ თავსდება დემოკრატიული ქვეყნის ჩარჩოებში, მაგრამ არავის აქვს უფლება შიდაკონფლიტებში ჩარევისა", _ განაცხადა პუტინმა.