ხვალ, 22 მარტს, პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციამ გამოიწვია.
საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს 27 207.9 ათას ლარიდან რეორგანიზაციის შედეგად 15 079.8 ათასი ლარი რჩება. სამინისტროს აპარატის დაფინანსება 3 443.1 ათასი ლარიდან 2 672.8 ათას ლარამდე შემცირდა. პროგრამების ნაწილში სამინისტროს 1 550.0 ათასი ლარიდან მხოლოდ 50.0 ათასი ლარი, ხოლო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს 2 102.6 ლარიდან 1 787.0 ათას ლარი.
კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება ეზრდება ~სამინისტროს სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმირების~ მუხლში, სადაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 115.0 ათასი ლარი 1 467.3 ათას ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ 12 128. 1 ათას ლარს, მისი ყველზე დიდი ნაწილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ნაწილი კი სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.