დღეს "თბილისი-მარიოტში" არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს, რათა მედიაგამჭვირვალეობისთვის მომზადებული კანონპროექტების განხილვა დააჩქაროს.
კანონპროექტების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რეგლამენტის შესაბამისად, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან ერთად განიხილოს მედიაექსპეტების მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 8 კანონში შესატანი ცვლილებისგან შედგება.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები აცხადებენ, ძირითადი ცვლილებები შედის ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და "მაუწყებლობის შესახებ" კანონში.
შეგახსენებთ, "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით, საინიციატივო ჯგუფმა ლაშა ტუღუშის, ვახტანგ ხმალაძის, ელისო ჩაფიძისა და ნინო დანელიას შემადგენლობით, პროექტ "მედიაგარემოს ანალიზი და მისი გაუმჯებესება" ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინეს. პაკეტის დანიშნულებაა მაუწყებელთა საკუთრების კონცენტრაციასა და გამჭვირვალობასთან, ფინანსურ გამჭვირვალობასა და ინტერესთა კონფლიქტთან, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.