საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი საქართველოში. ეს არის გაზაფხულის დღე. გისურვებთ წარმატებულ წელიწადს, აღმშენებლობასa და ყველა სიძნელის გადალახვას", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას.
მისი განმარტებით, საქართველომ აზერბაიჯანული კულტურა და ენა უნდა შეინარჩუნოს და გაუფრთხილდეს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი აზერბაიჯანული კულტურა, ენა, რომელიც ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მიხარია, რომ სკოლებში გავაძლიერეთ ქართული ენის სწავლება, ეს არის თქვენი წარმატების საწინდარი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, მიუხედავად არსებული ეკონომიკური კრიზისისა, ქვეყანა განვითარებას აგრძელებს.
"ბევრმა პრობლემამ გადაიარა ჩვენს თავზე, მაღალმა ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, გაძვირებულმა საწვავმა, რაც აძნელებს ასევე მიწის დამუშავებას. სხვა გამოსავალი არ გვაქვს თუ არა ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ავაშენოთ. მარნეული არის მშვენება საქართველოში და გახდება კიდევ უფრო დიდი მშვენება. ჩვენი ხელებით იქნება ახალი საქართვეოლო, ახალი მარნეული", - დასძინა სააკაშვილმა.