"ქართული დასის" ლიდერი ჯონი ბაღათურია სამთავრობო დებატებზე ძალოვანი უწყებების პირველი პირებისგან 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგების მოსმენას ითხოვს.
როგორც დღეს, ბიუროს სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების გამოძიება ფაქტიურად არ ხდება, მითუმეტეს 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედზე" თავდასხმის შესახებ აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეოს თუ არა გამოძიება არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
"საუბარი იმაზე, რომ ძალოვანი უწყების პირველ პირებთან კითხვები არ არის სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტების გამოძიება", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ბაღათურიას ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ძალოვან მინისტრებთან კითხვების დასმის საშუალება პარასკევს, 25 მარტს შემაჯამებელ სხდომაზე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 22 მარტს პარლამენტში სამთავრობო დებატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოხსნებით გახსნის, რის შემდეგაც ტრიბუნას ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას დაუთმობს. დებატები საკანონმდებლო ორგანოში 25 მარტის ჩათვლით გაიმართება.