"ქრისტიან-დემოკრატები" იმედს გამოთქვამენ, რომ მინისტრები მათ კითხვებს ადეკვატურ პასუხებს გასცემენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო დებატების შესახებ კომენტირებისას განუცხადა.
"ყველა მინისტრთან დებატები იქნება ძალიან მწვავე, მწვავე კითხვებით, კონკრეტული მოსაზრებებით და მოთხოვნებით, რომ მათი მხრიდან არსებული პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა მოხდეს. დებატებზე ყველა მინისტრისგან კონკრეტულ კითხვებზე ადეკვატურ პასუხებს მოვითხოვთ და იმედია ისინი არ იქნებიან არაადეკვატურები, რაც ბოლო დროს ხელისუფლებაში დამკვიდრდა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, თუ მთავრობის წევრები მწვავე კითხვებს თავს არიდებენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის ღირსები არ არიან.
"იმედი მაქვს ამის შემდეგ მომავალ არჩევნებზე ჩვენი საზოგადოება სათანადო არჩევანს გააკეთებს", - დასძინა დეპუტატმა და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს სამინისტრო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წესრიგში, დალაგებულია და პრობლემები არ არის.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" დებატებზე ძირითად აქცენტებს სოციალურ-ეკონომიკურ და დევნილების პრობლემებზე, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზე და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
"ასევე მწვავე შეკითხვები გვექნება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, თუ რატომ მოხდა სოფლის დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად და არაეფექტურად გახარჯვა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარლამენტში ერთკვირიანი სამთავრობო დებატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გახსნის. დებატების ფარგლებში მინისტრები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც პარლამენტარებს საშუალება მიეცემათ მთავრობის წევრებს საკუთარი მოსაზრებები და კითხვებით მიმართონ.