მთელი ესპანეთი დაეძებს არამზადებს, რომელთაც 1,5 მილიონი ევრო მოიპარეს. ფული სარაგოსის ქალთა მონასტერის ერთ-ერთ ლეიბში იყო დამალული. თავად ნაძარცვის მოცულობა კი ესპანელთა შორის შოკს იწვევს.
13 ათასი ესპანელი მონაზვნიდან უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ისინი თვითნაკეთი ტკბილეულობით, სანთლებით, ნაქარგობითა და შეწირულობით ირჩენენ თავს.
სარაგოსის მონასტერში 16 მონაზონი ცხოვრობს. ისინი უძველესი მანუსკრიპტების აღდგენით, ძველი წიგნების გამოცემითა და "მხატვარ-მონაზონთა" ნამუშევრების გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი.
მათ შორის, უკანასკნელი იზაბელ გუერა კათოლიკურ სამყაროში სახელგანთქმულია. "ტრანსცენდენტალური რეალიზმის" სტილში მის მიერ შესრულებული პორტრეტები კოლექციონერთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევრომდე აღწევს. მისი ერთ-ერთი პორტრეტის მფლობელია თვით ბენედიქტ მე-16. მონასტრის მეთაური აღნიშნავს: "იზაბელ გუერას პორტრეტების შესაძენად შემომთავაზეს ჩეკები, რომლებზეც კონკრეტული თანხა მითითებული არ ყოფილა. ამდენად, შემეძლო პორტრეტებისთვის იმდენი გადამეხადა, რამდენსაც მოვისურვებდი."
სწორედ ამის გამო მონაზონის ლეიბი ევროებით იყო გატენილი.
როგორც მონასტრის ადვოკატი იისუს გარსია აცხადებს, "მონაზვნები სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობენ, ისინი მთლიანად ლოცვებში არიან ჩართულნი და მიწიერ სამყაროს ყურადღებას არ აქცევენ".
მონაზვნები მიიჩნევენ, რომ ფული კვირას გაიტაცეს, როცა მესაში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის მონასტერი ღიაა. ამასთან, ქურდმა ზუსტად იცოდა, თუ სად ინახებოდა ფული. ამ მიზნით მას რამდენიმე კარის გატეხვაც მოუხდა.
სანამ პოლიცია ქურდებს დაეძებს, საგადასახადო სამმართველო მონაზონთა სამეწარმეო საქმიანობას იკვლევს. საგადასახადოს აინტერესებს, იხდიდნენ კი მონაზვნები მოგების გადასახადს? თუ გაირკვევა, რომ მონაზვნები მოგებას არ იხდიდნენ, მათ დიდძალი გადასახადი და ხუთწლიანი პატიმრობა ელით.