ტერმინი - "ოკუპაცია" კიდევ ერთ საერთაშორისო დოკუმენტში ჩაიწერა. ამჯერად რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს შესაბამისი შეფასება ევროპარლამენტისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში მიეცა.
დოკუმენტის მიღებამდე, ევროპარლამენტისა და საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც, ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც ესწრებოდა.
მიღებულ რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააჩქაროს მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ.
ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ასეთი დოკუმენტები კიდევ უფრო ამყარებს იმ დიპლომატიურ საფუძვლებს, რომლებსაც საბოლოოდ საქართველოს დეოკუპაცია უნდა მოჰყვეს.