სამშობლოში დაბრუნებაზე იაპონიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უარს აცხადებს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოსვლაზე იაპონიაში მყოფი 24 მოქალაქიდან 23 უარი თქვა.
"მათ ამ ეტაპზე არ ისურვეს სამშობლოში ჩამოსვლა", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება თბილისს უკრაინულმა მხარემ შესთავაზა, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქვეყანაში ამ დღეებში კიევის საგანგებო დავალებათა თვითმფრინავს გააგზავნის.
"ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, რომ ამავე თვითმფრინავით მოხდეს იაპონიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ამის სურვილი ექნება, იაპონიაში საქართველოს საელჩოს დღეს საღამომდე უნდა მიმართოს", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია. სტიქიების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობამ 22 ათას ადამიანს მიაღწია.