ოფიციალური თბილისი იაპონიიდან საქართველოს დიპლომატიური მისიის ევაკუაციას ჯერჯერობით არ აპირებს.
"სამწუხაროდ, ტოკიოს წყლებში მინარევების მატებაა, რაც საგანგაშო ფაქტია, მაგრამ მისი დონე ამ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. აქედან გამომდინარე, იაპონიიდან ჩვენი დიპლომატების ევაკუაცია ჯერჯერობით არ იგეგმება. ისინი ადგილზე რჩებიან", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, საგარეო უწყება იაპონიაში არსებულ ვითარებას თვალყურს ადევნებს და ვითარების გამწვავების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია. სტიქიების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობამ 22 ათას ადამიანს მიაღწია.