საქართველოს ხელისუფლება სტიქიის შედეგად დაზარალებულ იაპონიაში ჰუმანიტარულ ტვირთსა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს აღარ გაგზავნის.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰუმანიტარულ დახმარებასა და ქვეყანაში ქართველ მაშველთა ბრიგადების ჩასვლაზე უარი თავად იაპონურმა მხარემ თქვა.
"იაპონურმა მხარემ გვთხოვა ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთისა და სამაშველო სამსახურების ბრიგადების გაგზავნაზე, რადგან, მათი თქმით, მათ შესაბამისი დახმარების მიღების რესურსი არ გააჩნიათ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, იაპონიის ხელისუფლებამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ სასმელი წყლითა და მატერიალური დახმარება თხოვა.
"ამ წინადადების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ იაპონიაში 45 ტონა სასმელი წყალი გავაგზავნოთ", - აღნიშნა კალანდაძემ, რომლის თქმითაც, სასმელი წყლის გარდა, იაპონიაში ფულადი კომენსაციას გადაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ცუნამი გამოიწვია, ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია. სტიქიების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობამ 22 ათას ადამიანს მიაღწია.