"საქართველოში ოკუპაციის დღის დაარსება - ისტორიის გაყალბება და პოლიტიკური მარაზმის გამოვლენაა და იგი განუზომლად დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს". "საქართველო აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან მიმართებაში". "არ გამოვრიცხავ დომოდედოვოში მომხდარ ტერაქტში ქართული კვალის არსებობას", - ამ და სხვა მსგავსი განცხადებებით დაამახსოვრა თავი ქართულ საზოგადოებას რუსეთის დუმის დეპუტატმა ვიქტორ ილუხინმა, რომელიც მოსკოვში 63 წლის ასაკში მოულონელად გარდაიცვალა.
ვიქტორ ილუხინი იყო რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, იგი იყო სახელმწიფო მშენებლობისა და კონსტიტუციური საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
რუსული მედიის ინფორმაციით, ილუხინი საკუთარ სახლში, გულის მწვავე შეტევის დროს, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მოითხოვს დეტალურად იქნეს გამოძიებული დეპუტატის გარდაცვალების საქმე და დასძენს, რომ ვიქტორ ილუხინი "მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში" იმყოფებოდა.
პარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც ილუხინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა და ამიტომაც მისი გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს.