საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი მონაცემთა გაცვლის სააგენტო და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფრომაციის გაცვლის პროექტი (TAIEX) 21-22 მარტს სასტუმროში „რედისონ ივერია" ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ერთობლივ კონფერენციას უმასპინძლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორემა აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში ევროკომისიის პროექტის ექსპერტები კიბერ უსაფრთხოებაზე, კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფების ფუნქციონირებაზე, საჯარო და კერძო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტიზირებული პოლიტიკის დანერგვის საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
კონფერენციას დაესწრებიან სხვადასხვა სამინისტროებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საფინანსო, სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება და მისიმუდმივი მონიტორინგი. დღეს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა აქვთ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, როგორც საჯარო, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ვმართავთ ე.წ. ვორქშოპს", რომლის დროსაც გაზიარებულ იქნება ევროკავშირის ქვეყნებში დღეისათვის არსებული მდგომარეობა, მათ მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩატარებული სამუშაო, ასევე განხილულ იქნება კონკრეტული მაგალითები თუ თითოეულმა ორგანიზაციამ, იქნება ეს სამინისტრო თუ კერძო ინსტიტუტი, როგორ დაიცვას თავი კიბერ ინციდენტებისგან, მოახდინოს მათი სწორი ანალიზი და რეგისტრირება. საბოლოო ჯამში ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის ინფორმაციულ მდგრადობას სხვადასხვა პოტენციური კიბერ საფრთხეების დროს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების გამართულ და ეფექტურ მუშაობას" - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის ქვეყნების დარგის ლიდერები ლიტვიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან. „მოხარული ვარ, რომ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და ევროკომისიის TAIEX-ის პროექტმა საშალება მოქვცა ჩვენი გამოცდილება გავეზიარებინა ქართველი პარტნიორებისთვის. დღევანდელ დღეს თითოეული ქვეყნისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების გამართული სისტემის ქონას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამდენად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების შესახებ." - მიროსლავ მეი, პოლონეთის კრიტიკული ინფორმაციისადა ინფრასტრუქტურის დაცვის სამთავრობო ცენტრი.