დღეს, 21 მარტს, საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ვაშაძეს შეხვდებიან.
შეხვედრისას სტუმრები ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს გაეცნობიან. დღესვე ეროვნულ არქივსა და შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრს შორის წინასწარი შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის საქმეში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
22-23 მარტს დელეგაციის ვიზიტი ბათუმში გაგრძელდება, სადაც გაეცნობიან ნობელის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებს და შეხვდებიან აჭარის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს, ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძეს, ნობელის მუზეუმის ხელმძღვანელ თემურ ტუნაძეს.
დელეგაცია 24 მარტს დაბრუნდება თბილისში და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ცხადაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავას შეხვდება.
ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტის პირველ ეტაპზე შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი აზერბაიჯანის ეროვნულ არქივთან თანამშრომლობდა. საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის მაისში ორივე ქვეყანაში მოპოვებული მასალები სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია გუშინ ეწვია. შვედი სტუმრები ვიზიტ ხვალ, 24 მარტს დაასრულებენ.