აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ობამამ ტელეკონფერენცია მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონთან, მის მოადგილესთან დენის მაკდონაჰთან, სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან, თავდაცვის მდივანთან რობერტ გეიტსთან და აფრიკაში აშშ-ის ჯარების სარდლობის მეთაურთან გენერალ კარტერინ ჰემტან გამართა.
„პრეზიდენტმა მოისმინა გენერლის მოხსენება ლიბიის ოპერაციაში აშშ-ის სამხედროების მონაწილეობის შესახებ", - ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
ობამამ ასევე განიხილა ლიბიის ვითარების დიპლომატიური და სამხედრო გზებით გადაჭრის შესაძლებლობა და გენერალ ჰემს მიმართა თხოვნით სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურისათვის მადლობის გადახდის შესახებ.
ამჟამად პრეზიდენტი ობამა ლათიმური ამერიკის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს მართავს.