"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს მარნეულში იყოფებოდენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათ ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.
გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სოფელ არაფლოში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, ადგილობრივებს ყველაზე მეტად სარწყავი სისტემების გაუმართაობა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების არაეფექტურობა, ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები აღელვებთ.
"ნოვრუზ ბაირამი ტრადიციული დღესასწაულია. ესაა ახალი წლის ათვლის, სიცოცხლისა და გაზაფხულის დღესასწაული, როცა მიწა იღვიძებს. აქ საოცრად მშრომელი ხალხი ცხოვრობს და მათმა შრომამ რომ შედეგი გამოიღოს, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა და დახმარება. ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, აქაც ბევრი პრობლემაა და ჩვენ შევეცდებით მარნეულელებს ამ პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს. გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი არაფლოში ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ ტრადიციული სუფრით - ჩაითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.