მილიარდერ დონალდ ტრამპის სახელგანთქმულმა ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა ნიუ-იორკი ფეხსაცმელებით შემოსა. 29 წლის გოგონამ სადებიუტო კოლექცია წარადგინა, რომლის შეძენაც შეიძლება როგორც უნივერმაღ Macy`s Herald Square-ში, ისე ინტერნეტშეკვეთის საშუალებით.
ფეხსაცმლის საწარმო Marc Fisher Footwear-თან თანამშრომლობით შეიქმნა. იგი 100 მოდელს შეიცავს. საინტერესოა, რომ ივანკა ტრამპის მოდელებს შორის წვრილქუსლებიანი ძვირფასი ფეხსაცმლის გვერდით კედებიც გვხვდება.
შეგახსენებთ, ივანკა ტრამპი უკვე დიდი ხანია ცდილობს თავისი ფეშენ-იმპერიის გაფართოებას. თავდაპირველად ბიზნეს-ლედი დედასთან ერთად საიუველირო ხაზით მუშაობდა, მოგვიანებით დამოუკიდებლად დაიწყო ჩანთების წარმოება. ახლა კი იგი ფეხსაცმელების წარმოებით ინტერესდება.
ცნობისთვის, ამჟამად ივანკა ტრამპი ფეხმძიმედაა. მიუხედავად ამისა, იგი ფეხსაცმელების ბიზნესს ერთგულად ემსახურება. გასული წლის იანვარში მან განაცხადა, რომ New York Observer -ის გამომცემლის ჯარედ კუშნერისგან შვილს ელოდება.