ხვალ 16.00 საათზე არტ-კლუბ "ქარავანში" ჟურნალისტ ელგა ფოლადიშვილის წიგნის "წერილები საქართველოს" პრეზენტაცია შედგება.
წიგნში შესულია ჟურნალისტის 17 წლიანი პერიოდის განმავლობაში მის მიერ სხვადასხვა პერიოდულ საშუალებებში, მათ შორის, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენში" დაბეჭდილი პუბლიკაციები.
წიგნი სამი განყოფილებისგან შედგება: "წერილები საქართველოს", სადაც 26 პუბლიცისტური წერილია შესული; "დაკემსილი ისტორიები", რაც სოციალურ თემაზე შექმნილ 33 ნოველას მოიცავს და ფილოსოფიური მოთხრობა "ალტერნატიული ლექსიკონი".
"ჩემი წიგნის ადრესატია ჩემი ქვეყანა, მასში მცხოვრები ადამიანები, რომელთა სოციალური ფონიც მათ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ელგა ფოლადიშვილმა.
მისი თქმით, წიგნის გამოცემის იდეა მის მკითხველებს ეკუთვნით.
"უკვე 17 წელია სხვადასხვა, მათ შორის, მრავალათასიან გამოცემებში ჩემს სახელსა და გვარს ხშირად ვხედავდი, რის გამოც წიგნის გამოცემის სურვილი დაკმაყოფილებული მქონდა. ჩემს მკითხველებსა და მეგობრებს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ეს წიგნი გამოსცეს", - აღნიშნა ელგა ფოლადიშვილმა.